ნაცემი ექიმი: „შეფ", ეს ექიმი არისო“ და იმ „შეფმა“ მომკლა ცემაში

05-12-2024 17:58:09 საზოგადოება

ტრავმატოლოგი ვატო გვაზავა, რომლის შესახებაც მანამდე მისი კოლეგა - ასევე ცნობილი ექიმი ჯაბა ზარქუა წერდა, საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს.

„როდესაც ამ გამოქცევის დროს დავინახე რომ ორი ბავშვი, გოგო ჩაითრიეს, მივბრუნდი, რომ გამომეყვანა. გამოვიყვანეთ მე და ჩემმა მეგობარმა (ახლა დაჭერილია, საკმაოდ დაზიანებულია) და ამ დროს შეგვითრიეს. როდესაც აგვიყვანეს - „მარშუტკას“ დავარქმევ, იქ უკვე ჯოჯოხეთი ხდებოდა. ერთ-ერთს რომ ვუთხარი (უკვე მაგარი ნაცემი ვიყავი), „ექიმი ვარ, ტრავმატოლოგი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნუ მირტყამთ, მორჩით-მეთქი, არ დაიღალეთ?“, ჩამავლო კისერში, გამიყვანა, „შეფ", ეს ექიმი არისო“ და იმ „შეფმა“ მომკლა ცემაში. გადამეფარა ჩემი მეგობარი, რომელიც ...ხელი დაიჭირეს და მუხლზე გადაიმტვრიეს.

გადმომიყვანეს...კონდონში გატარებენ...აქეთ-იქედან გირტყამენ...ხელებს რომ ვიფარებდი, გამშალეს, ხელები გადამიჭირეს და მუცელში ჩამარტყეს ფეხი...რომ გავითიშე - ამ დროს დუნდება ადამიანი და მუხლი რომ აქვს შენზე დაჭერილი, ისიც გრძნობს - ცოტა შეეშინდათ, „არ მოკვდესო““,- იხსენებს ექიმი „ტვ პირველთან“.

„როგორც ექიმი სცემს ხალათს პატივს, თუ პოლიციელია, ისევე ხომ უნდა სცეს პატივი - მუნდიო, ხომ გაიძახიან? მე არ მგონია, რომ იქ ელემენტარულ მორალში ჯდებოდეს რამე! თაობას ანადგურებენ თუ რას აკეთებენ, ვერ ვხვდები“,- დასძენს ექიმი.

იხსენებს, რომ მას მოპარეს ჯვარი, მობილური ტელეფონი და მანქანის გასაღები.

მისმა კოლეგამ ჯაბა ზარქუამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, გააცნოს ეს ამბავი საერთაშორისო საზოგადოებას: „ექიმისთვის ადამიანის დახმარებაში ხელის შეშლა, მერე მისი ძარცვა და ცემა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ინციდენტი“.

5 დეკემბრისთვის პროევროპულ აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული - მათი უმეტესობა ამბობს, რომ დაკავებისას სასტიკი ანგარიშსწორების სამიზნე გახდა. საია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვას განიხილავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები