
გერმანიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის ელჩები სახალხო დამცველს შეხვდნენ: "საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, რაც განგაშის და შეშფოთების წყაროა"
06/12/2024 13:00:27 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ გარეთ უორდს, საფრანგეთის ელჩ შერაზ გასრის და გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ გერმანელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, "საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, რაც განგაშის და შეშფოთების წყაროა".
მისივე თქმით, "ელჩები მხარს უჭერენ ომბუდსმენის საქმიანობას".
- "ჩვენ მხარს ვუჭერთ მის საქმიანობას. ის, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა. მაქსიმალური პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც სარგებლობს უფლებით, გამოხატოს თავისი აზრი დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ“, - წერს ფიშერი.
თავის მხრივ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ომბუდსმენის აპარატმაც.
- "შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა და ელჩებს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო. ისაუბრა პოლიციის მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, აქციებზე დაკავებულთა და დაზიანებულთა მდგომარეობაზე, რომელთაც სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მუდმივად ნახულობენ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში. ასევე, აღნიშნა, რომ აპარატი ზედმიწევნით მიადევნებს თვალს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობას. აპარატი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე შემოსულ ინფორმაციაზე მყისიერ რეაგირებას ახდენს. სახალხო დამცველი პროაქტიულად განაგრძობს საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების ინფორმირებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით".
ცნობისთვის: 5 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აპარატის წარმომადგენლებმა წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს, მათგან 191 მოქალაქე მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე.