
დავით კეზერაშვილი: იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემ სახლში, გაფორმებულია, ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ჩადებული“
06/12/2024 14:44:25 სამართალი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი განმარტავს, რომ "მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და მასთან არანაირი შეხება არასოდეს ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს".
როგორც კეზერაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, "ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ჰქონდა, როგორც შსს-ს და სასამართლოს, რომელიც სხვა ქონებასთან ერთად არაერთხელ დაყადაღდა". დავით კეზერაშვილის თქმით, "ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის უწყების მიერ ჩადებული“.
„ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში, დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ჰქონდა, როგორც ე.წ. შსს-ს, ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემ სხვა ქონებასთან ერთად არაერთხელ იქნა დაყადაღებული. ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნა 12 წელზე მეტია გრძელდება, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გომელაურის კრიმინალური დაჯგუფება უკეთებს საქართველოს თავისუფლების მოყვარულ ხალხს თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. საქართველოში დაშინებას და დევნას შედეგი არც აქამდე გამოუღია და არც მომავალში გამოიღებს“,-წერს კეზერაშვილი სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკის შესახებ და აცხადებს, რომ „სამართალდამცველებმა სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი“.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაწყებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელდა ჩხრეკა, როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში. სამართალდამცველებმა ოფისებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს:
ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე, ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული, ამაღლების ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე.
აღნიშნულ მისამართზე ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: დიმიტრი ჩიქოვანი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას გუშინ საღამოს ვრცელი "პოსტით" გამოეხმაურა: