მოსამართლემ ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა

06-12-2024 21:38:07 სამართალი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, ზურა დათუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მოსამართლე ლელა ბილდენბერგმა მას სიტყვიერი გაფრთხილე გამოუცხადა, – იუწყება "ინტერპრესნიუსი".

მოსამართლემ დათუნაშვილი როგორც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, ასევე წვრილმან ხულიგნობაში სამართალდამრღვევად ცნო.

მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით არც ჯარიმა და არც პატიმრობა არ გამოუყენებია.

ზურა დათუნაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმ ფიზიკურ დაზიანებებზე ისაუბრა, რომელიც დაკავების მომენტში მიაყენეს.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარალელურ რეჟიმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ირაკლი ანდრიას შვიდი დღით, ვახო გაგნიძეს თოთხმეტი დღით, საბა ბირკაიას შვიდი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მიშიკო ჯანიკაშვილს კი ადმინისტრაციული სახდელის სახით 3 ათასი ლარი განუსაზღვრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები