გერმანია საქართველოს მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

07-12-2024 12:22:07 პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პრეს–სპიკერი "აქცენტთან" შესაძლო ინდივიდუალურ სანქციებზე საუბრისას აცხადებს, რომ "საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მოითხოვს, მათ შორის ნებისმიერი შემდგომი ზომების მიღებას, რაც შეიძლება, საჭირო გახდეს".

  • "ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისების ჩხრეკის ფაქტებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების ფაქტებს და მედიის წარმომადგენლების სამიზნედ ქცევას. ეს ქმედებები მიუღებელია და ევროკავშირის სტანდარტებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ძირითადი უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ მოითხოვს საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების საფუძვლიან ანალიზს, მათ შორის ნებისმიერი შემდგომი ზომების მიღებას, რაც შეიძლება, საჭირო გახდეს. ამ მიმართულებით ევროკავშირის შიგნით დისკუსიები გრძელდება", – განუცხადა მან "აქცენტს"

ცნობისთვის: 2 დეკემბერს ბალტიის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს "მათ, ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში".

5 დეკემბერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებით სანქციები დააანონსა.

5 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უკრაინამ ბიძინა ივანიშვილი და მისი 18 თანამოაზრე დაასანქცირა" .

თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები