მოსკოვის ზეწოლა სოხუმზე: ენერგოსექტორში პრობლემების გამო აფხაზეთში სასწავლო პროცესი წყდება

09-12-2024 18:44:26 კონფლიქტები

კრემლისადმი ლოიალური დე-ფაქტო პრეზიდენტის - ასლან ბჟანიას გადაგდებით უკმაყოფილო მოსკოვი ურჩ აფხაზებზე წნეხს ზრდის: რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი მწვავე ენერგეტიკული პრობლემების გამო მიღებულია სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე განაცხადა, 11-დან 17 დეკემბრის ჩათვლით სასწავლო პროცესის შეჩერება "იძულებითი ნაბიჯია, რომელიც ენერგოსექტორში შექმნილ მწვავე ვითარებასა და ამის გამო სკოლებისა და ბაღების გათბობის შეუძლებლობას უკავშირდება".

ამასთან, როგორც სხდომაზე ჯანდაცვის დე-ფაქტო მინისტრმა აღნიშნა, სამედიცინო კლინიკებში არსებული გენერატორები სადღეისოდ გამართულად მუშაობენ, თუმცა მათი რესურსები შეზღუდულია.

თავის მხრივ, დე-ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოახსენა შეკრებილთ, რომ ამ დროისთვის ენგურის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულად დაბალი რჩება და თუ არ გამოიძებნება სახსრები რუსეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.

ცნობისთვის: ასლან ბჟანია და მისი გუნდი იმ საპროტესტო ტალღის შედეგად გადადგა, რომელიც მოსკოვის მიერ ინიცირებული რიგი კანონების "პარლამენტში" წარდგენას მოჰყვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები