
რიჰარდს კოლსი - შალვა პაპუაშვილს: ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის
10/12/2024 17:21:46 პოლიტიკა
"ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის", – ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ევროპელი პოლიტიკოსები ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებები გააკრიტიკა.
ევროპარლამენტარის თქმით, "შალვა პაპუაშვილი ცილს სწამებს მარკო მიხელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, ნამდვილი ღალატი კი პირიქით „ქართული ოცნების“ რიგებიდან მოდის".
"ევროპარლამენტი მართებულად გამოვიდა მათ წინააღმდეგ სანქციების მოწოდებით, ვინც საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს აფერხებს, მათ შორის შენს წინააღმდეგ. არ შეგეშალოს - შენი მანევრირების სივრცე მცირდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად. ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის, არც ჩვენი ტოლერანტულობა ფარისევლობისთვის, რომელიც შეფუთულია ფსევდო-დემოკრატიულ რიტორიკაში. ბალტიელი ლიდერების, რომლებიც ყოველთვის იცავდნენ დემოკრატიას და საქართველოს სუვერენიტეტს, ‘“რეჟიმის ცვლილების” წამქეზებლებად გამოყვანის მცდელობა სასაცილოა. ჩემი ბალტიელი ძმები - და ბევრი ევროპაში - ეწინააღმდეგებიან არა არჩევნებს, არამედ თქვენი მთავრობის დემოკრატიული ნორმებისგან უხეშ გადახვევას, მის ანტიუკრაინულ მესიჯებსა და მის ფლირტს რუსულ გავლენასთან. პასუხისმგებლობა უცხოურ ჩარევაში არ აგერიოს. შენი მთავრობა ზეწოლის ქვეშ იმიტომ კი არაა, რომ “საკუთარ ხალხს ემსახურება”, არამედ იმიტომ, რომ მათ მომავალს უთხრის ძირს. თუ არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია, მაშინ საშუალება მიეცით ის იყოს თავისუფალი, სამართლიანი და პროპაგანდისგან თავისუფალი. თუ ნამდვილად აფასებ დემოკრატიას, დაამტკიცე - ქმედებებით, არა უხამსობით. ევროპა ქართველ ხალხთან ერთად დგას, მათთა არა, ვინც მათგან დემოკრატიული ბედისწერის მოპარვას ცდილობს”, - წერს კოლსი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიხელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის "დამუნათება სცადეს", საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო.
"გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა აქვს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს და თუ მოსახლეობის ნება თანხვედრაში არ მოდის მათ სურვილებთან, მაშინ არჩევნების შედეგების შეტრიალებაა საჭირო", - განაცხადა პაპუაშვილმა.