
112-ის სამეთვალყურეო კამერების დაზიანებისთვის ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
11/12/2024 14:22:38 სამართალი
მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებისთვის 23 წლის დანიელ მუმლაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.
დანიელ მუმლაძის ადვოკატის ომარ ფურცელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ჯგუფურ დანაშაულს გულისხმობს, საქმეში სხვა სახელები არ ფიგურირებს.
ადვოკატის განმარტებით, საუბარია 112-ის შვიდი სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დაზიანებაზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებისას. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ რიცხვში, აქციის რომელ დღეს მომხდარ სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი.
"რაც გახდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების საფუძველი, არის წარმოდგენილი ვიდეომასალა, ამოღებული როგორც 112-ის, ასევე ცალკეული კერძო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემიდან და არის ცალკეული სხვა მტკიცებულებები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქურთუკი და ა.შ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ცალკე აღებული ის მტკიცებულებები არ ყოფილა განხილვის საგანი, რამდენად ადასტურებენ ისინი ბრალს ან არ ადასტურებენ. ჩვენი ინტერესი იყო, სასამართლოს ემსჯელა პატიმრობისგან განსხვავებულ სხვა ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებაზე, როგორიც არის გირაო", - განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ.
თუმცა, მისი განმარტებით, მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო, რომ ბრალდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომ არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რომ არ არსებობდა მისი მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და პატიმრობის შეფარდების სახით მკაცრი ზომა გამოიყენა.
"ძალიან საშიში და საგანგაშო ტენდენცია აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, ყოველგვარი განხილვის და შინაარსში შესვლის გარეშე, თითქოს სადემონსტრაციოდ დასაჯოს ყველა აქციაზე დაკავებული, მათ მიმართ სრულიადაა უგულებელყოფილი ინდივიდუალური განხილვის მეთოდი", - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 30 იანვარს, 11:00 საათზეა დანიშნული.