კაპანაძე: ომის კანონებს ვარღვევთ ერთმანეთთან ურთიერთობაში, არ მგონია, ეს ქართველობა იყოს ან წესრიგი!

13-12-2024 16:36:30 კომენტარი

ომის კანონებს ვარღვევთ ერთმანეთთან ურთიერთობაში,- ეუბნება "აქცენტს" საპოლიციო ძალების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის შეფასებისას გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი [2004-2005 და 2013-2016 წლებში], ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველ ვახტანგ კაპანაძე.

28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებთან დაკავშირებული 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ხოლო 30-ზე მეტი - სისხლის სამართლის წესით. დაკავებულთა უმრავლესობა საუბრობს საპოლიციო ძალების მხრიდან დაუნდობელ ანგარიშსწორებაზე. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის, მოტეხილობები. უფლებადამცველები გამოყენებულ მეთოდებს წამების კვალიფიკაციას აძლევენ. განიხილება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვა.

გენერლის შეფასებით, აღჭურვილი და გაწვრთნილი საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის მომიტინგეების მიერ პიროტექნიკის გამოყენებით გამართლება, დაუშვებელია.

"არამართებულია თქვა, რომ სპეცრაზმელები იმიტომ არიან ასე გავეშებული, რომ მომიტინგეები პიროტექნიკას ესვრიან. ომის დროს ტყვიამფრქვევს და ყუმბართმტყორცნს გესვრიან, მაგრამ ტყვედ ჩავარდნილის არც ცემა შეიძლება... ომის კანონებს არღვევ და თუ დაარღვევ, ჰააგაში გიწევს სასამართლოში ჯდომა. ამდენად, ეს არ არის გასამართლებელი ქცევა. ამიტომ გაქვს შენ ფარი, დაცულობა, მომზადებული ხარ იმდენად, რომ მსგავსი გამოვლინებებისთვის მზად იყო, ამას არ უნდა გამოჰყავდე მწყობრიდან.

2008 წელს, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენები არ იყენებდნენ ამგვარ მეთოდებს, ანწუხელიძე ჩვენ გვყავს და არა მათ - ეს მნიშვნელოვანია! მფრინავი, რომელიც გბომბავდა, ჩამოვარდა და ჩვენს ხელში ჩავარდა, არავის უცემია ის - ჩაუტარეს სამედიცინო დახმარება და გადასცეს. ეს ომის კანონებია. ომის კანონებს ვარღვევთ ერთმანეთთან ურთიერთობაში. არ მგონია, ეს ქართველობა იყოს ან წესრიგი",- ფიქრობს გენერალი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები