
"ხოშტარია საქართველოში რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება"
18/02/2020 11:39:05 საშინაო პოლიტიკა
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, "ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატი ელენე ხოშტარია "საქართველოში რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება".
„ძალიან მოკლედ მინდა, შევეხო ჩვენი „ნაციონალი“ კოლეგების საბჭოურ ინტერვენციას საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი საქართველოში საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები არიან, პირველ რიგში, თავიანთი ღირებულებებით. სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია. გარდა დიპლომისა, ის 9 წლის განმავლობაში საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს ემსახურებოდა და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო 7 წლის განმავლობაშიც, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ელენე ხოშტარიას დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
ცნობისთვის: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართეს.