
კალაძე: პარლამენტთან განთავსებული ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიების გარეშე დღეს აინთება
16/12/2024 10:26:06 პოლიტიკა
დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება მთავარი ნაძვის ხე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძემ მიზეზად „რადიკალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ დაასახელა.
14 დეკემბერ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადადო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ მათ, ვინც ნაძვის ხის საზეომო გახსნაზე მოდიოდა და რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, მათ არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა, მათ დაშლისკენ მოვუწოდო.[...] მივიდეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას“.
თბილისის მერია ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა. დადგეს ნაძვის ხე და მოაწყეს სცენა. ნაძვის ხე დღეს, 14 დეკემბერს 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო.
ღონისძიებამდე რამდენიმე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ გაითიშა და დაიწყეს ტექნიკის დაშლა.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე დგას, სადაც 18 დღეა, აქცია იმართება.