
საქართველოს საგარეო უწყება: "ჩინეთის ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა"
17/12/2024 11:58:28 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა".
"ჩინეთის ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოზიციაზე წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. მხარეებმა ასევე განიხილეს ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა მომავალშიც ეფექტიანად გაგრძელდება", – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი. აღიარებაზე ამ დრომდე თავს იკავებენ ევროპელი ლიდერები.
5 დეკემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობაიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ევროპელი ლიდერებისგან ლეგიტიმურობის აღიარებას ელოდება და ამის შემდეგ "გაააქტიურებნ ორმხრივ ურთიერთობებს":
"პირველ რიგში ჩვენ დაველოდებით 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი", – ასე უპასუხა მან 5 დეკემბერს ჟურნალისტის კითხვას, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის რომელიმე ლიდერთან, ევროპელ პარტნიორებთან.
16 დეკემბერს ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი "ოცნების" წარმომადგენლად" მოიხსენია.
ცნობისთვის: მე–20 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.