
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა აფხაზეთიდან დევნილებისთვის
17/12/2024 13:27:04 სამართალი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ქონების მფლობელებისადმი, რომლებმაც საცხოვრებელი იძულებით დატოვეს და ქონებით ვერ სარგებლობენ.
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაადგინა, რომ ექვსიდან ხუთი განმცხადებლის მიმართ ადგილი ჰქონდა პირველი მუხლის პირველი პროტოკოლის (საკუთრების უფლების) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (საკუთრების და საოჯახო ცხოვრების უფლების) დარღვევას.
სასამართლომ გაიმეორა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი წარმოადგენს ტერიტორიას, რომელზეც ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა რუსეთი. სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლებს ჰქონდათ სახლები აფხაზეთში, თუმცა მათ აქ გააჩნდათ ეფექტური შიდა საშუალებები უფლებების დასაცავად არც საქართველოში არც რუსეთში, რათა ესარგებლათ საკუთრებით.
- სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში "რუსეთი საკუთრებასთან დაკავშირებით განგრძობად დარღვევებზე პასუხისმგებლად“ აღიარა.
მომჩივნებს შორის ორი პირი – გალინა ალექსეევნა ტაგანოვა და ტარიელ აპოლონოვიჩ ესართია რუსეთის მოქალაქეა, ოთხი კი - ქეთევან მეხუზლა, ქსენია სანაია, სულიკო დვალი და მარინა გოგია - საქართველოს მოქალაქეები.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს ბატონ ესართიას 25 ათასი ევრო მატერიალური და არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. 35 ათასი ევრო მეხუზლას, სანაიას, დვალსა და გოგიას მატერიალური და არამატერიალური ზიანისთვის. 18 ათასი ევრო ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს დანახარჯების ასანაზღაურებლად.
რას ამბობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო:
"სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს.
სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მასზე ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად“.
ცნობისთვის: აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშატბიანი ომის დაწყების გამო. 2022 წლის 16 სექტემბრიდან რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.