პრეზიდენტი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ქართული მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

19-02-2020 11:40:53 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ქართული მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. "აქცენტი" პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს პრეზიდენტი წერილებში აღნიშნავს, რომ მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას თან ერთვის ის ფაქტი, რომ ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტი, რაც პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია. აღნიშნული ვითარების გამო, რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და განსაკუთრებით კი პენსიონერები, ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვითა და მედიკამენტების მოხმარების აკრძალვით იზღუდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც ჯანმრთელობის უფლებას, სიცოცხლის უფლებასა და გადაადგილების თავისუფლება ეხება. პრეზიდენტმა კომისრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებისა და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, გადასასვლელი პუნქტის გახსნისთვის რეაგირებისაკენ მოუწოდა".

იხილეთ ასევე: რატომ გადაწყვიტა ცხინვალმა ქართული პროდუქციის სანქცირება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები