
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
17/12/2024 19:43:09 პოლიტიკა
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
"ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით, არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიებისთვის", – ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოზე "იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას".
"საქართველოში არსებული ვითარების შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ კიდევ ერთხელ გამოხატა ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე კატეგორიული დაგმობის პოზიცია, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა. ამასთან, იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას [დაიბლოკა წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის ვერ მიღწევის გამო]. ჩვენი ქვეყანა ასევე შეუერთდა კონსენსუსს დიპლომატიური ვიზების გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების წინადადებაზე, რომელიც დამტკიცდა. იტალიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის გვერდით", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, ბუქარესტმა თბილისი შიდა განხილვებისას რუმინეთის მიერ დაფიქსირებული პოზიციის არაზუსტ ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა.
"ღრმად ვარ იმედგაცრუებული ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გადაწყვეტილებით. ვისარგებლებთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების და ქართველი ხალხის კანონიერი პროტესტის ძალადობრივი გზით რეპრესირების გამო", – ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოზე, მათ შორის რუმინეთმა ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვა:
„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს.
„შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.