სოხუმმა თბილისთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობის განხილვა გადაწყვიტა

18-12-2024 16:57:44 კონფლიქტები

სოხუმმა თბილისთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობის განხილვა გადაწყვიტა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ კომპანია „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს ქართული მხარისთვის მიმართვა დაავალა, - იუწყება აფხაზური მედია.

როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, საუბარია, კერძოდ, ზაფხულში მისაღები ელექტროენერგიის ოდენობის შემცირების ხარჯზე ზამთრის ლიმიტის გაზრდაზე, როგორც კი მხარეებს ამის საშუალებას ენგურჰესის გამომუშავება მისცემთ.

18 დეკემბერს კომპანია „ინტერ რაოს“ გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კონტრაქტით გათვალისწინებულ წინასწარი გადახდის ფარგლებში ხორციელდება, კონტრაქტის 2025 წლისთვის გაგრძელების შესაძლებლობა კი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა.

„აფხაზეთში დენის მიწოდება მიმდინარეობს ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება. შეთანხმების თანახმად, ჩვენ ვახორციელებთ მიწოდებას წინასწარ გადახდის საფუძველზე, იმ თანხის შესაბამისად, რასაც სოხუმი წინასწარ გვიხდის“, - განმარტა რუსული ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა.

პანინას სიტყვების კომენტირებისას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ენერგეტიკის მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ განაცხადა:

„30 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს გავუგზავნეთ ოფიციალური მიმართვა, რომელშიც ვითხოვთ 1 იანვრიდან სოციალური ნაკადის დაწყებას 2025 წლისთვის დაგეგმილი მოცულობის ფარგლებში. ჩვენ ვსაუბრობთ 327 მილიონ კვტ/სთ-ზე, რომლის ღირებულება დაახლოებით 1,4 მილიარდი რუბლია და, რომელიც საკმარისი იქნება სამი თვის განმავლობაში, ოთხსაათიანი მოძრავი (მარაოსებრი) გრაფიკისთვის. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი რუსი კოლეგებისგან ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. სოციალური ნაკადის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, როგორც ახლა ვაკეთებთ, ელექტროენერგია კომერციულ ფასად შევიძინოთ რუსეთის ფედერაციაში“.

რაც შეეხება ელექტროენერგიის კომერციულ მიწოდებას, ნანბას თქმით, ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ განცხადება უკვე გაიგზავნა რუსეთის ფედერაციაში, ვინაიდან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

ცნობისთვის: კრიპტოვალუტის მოპოვებამ, ენგურჰესის რეზერვუარში წყლის დაბალმა დონემ და რუსული ელექტროენერგიის კომერციული ფასით გადახდის აუცილებლობამ აფხაზეთი ბოლო წლების ყველაზე მძიმე ენერგოკრიზისამდე მიიყვანა. 11 დეკემბრიდან მოსახლეობას დღისით დენი არასრული სამი საათის განმავლობაში, ხოლო ღამით 21.00-დან 07.00 საათამდე მიეწოდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ღამით მიღებული დენის ფასი უფრო იაფია, ვიდრე დღისით. 2024 წლის ნოემბრის დასაწყისიდან რუსული დენის შესაძენად სოხუმმა 600 მილიონ რუბლზე (5,8 მლნ დოლარი) მეტი დაიხარჯა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები