"რადიო თავისუფლება": შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა, კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს

18-12-2024 17:36:38 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერი, 300 ათას ლარად დაახლოებით 35 ათასი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე, ჩაიშალა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

მისი ცნობით, ლანჩის ნაკრებების ტენდერი საპროტესტო აქციების პერიოდში ქუჩებში მომუშავე სამართალდამცავებისთვის 28 ნოემბერს, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების დღეს გამოცხადდა.

"წინადადებების მიღების ვადა რამდენიმე დღის წინ ისე ამოიწურა, რომ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის გამოცხადებამდე სამინისტრომ ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ორმა კომპანიამ გამოთქვა ტენდერში მონაწილეობის წინასწარი სურვილი და ფასიც შესთავაზა, თუმცა უკვე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა კომპანიებმა არ მიიღეს - ტენდერი არ შედგა.

ტენდერის ჩაშლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ლანჩის ნაკრებების შესყიდვას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განაგრძობს.

2024 წლის გაზაფხულიდან შსს ლანჩის ნაკრებების დიდ ნაწილს ისედაც ტენდერის გარეშე ყიდულობს და შესყიდვის დეტალებს კანონდარღვევით მალავს. სამინისტროს მიერ აქციის დაშლაში მონაწილე სამართალდამცავებისთვის საკვების უტენდეროდ შესყიდვის შესახებ რადიო თავისუფლებამ რამდენჯერმე დაწერა.

ლანჩის ნაკრები , რომელსაც სამინისტრო ყიდულობს ერთი სენდვიჩის, ერთი - 55 გრამიანი შოკოლადის და ერთი 0.5 ლიტრიანი პეპსისგან შედგება და დაახლოებით 9 ლარამდე ღირს

ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქუჩებში მომუშავე ძალოვნების კვებისთვის 1 მლნ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

შს სამინისტრომ ლანჩის ნაკრებები ტენდერით ბოლოს 2024 წლის ივლისში იყიდა, მაშინ ტენდერში კომპანია ‘სთარ ფუდმა” გაიმარჯვა. მისი წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ახალ ტენდერში მათთვის მისაღები ფასი არ იყო და რადგანაც პროდუქტი გაძვირდა, ტენდერში მონაწილეობა აღარ მიიღეს.

2024 წლის მაისში “აგენტების შესახებ” კანონის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროს 150 ათასი ლარის ლანჩის ნაკრებები ტენდერით მიაწოდა სამინისტროს შპს ევროპულმა საცხობმა ამ კომპანიის, 65%-ს კვების სფეროში ცნობილი ბრენდი “დეგუსტო” ფლობს, 35%-ს - უკრაინელი ბიზნესმენი.

“ევროპულ საცხობში” რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მას შემდეგ პოლიციელებისთვის ლანჩის ნაკრებები აღარ მიუწოდებიათ", – იუწყება "რადიო თავისუფლება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები