
კობახიძე - "აგენტების კანონზე": სადაც დაგვისაბუთებენ, იქ მზად ვართ გადასინჯვისთვის
20/12/2024 10:48:48 პოლიტიკა
„ქართული ოცნების" ხელისუფლება "აგენტების კანონს" მხოლოდ მაშინ შეცვლის, თუ „სამართლებრივ ხარვეზებს" დაუსაბუთებენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეცვლის დაპირება და ამ მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, პროცესში ჩართული იქნება ვენეციის კომისია.
„ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში და თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან მსჯელობისთვის, რა თქმა უნდა, აქაც ვართ ღია. შესაბამისად, აქ არის სრული თანხვედრა ჩვენს გზავნილებს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კანონის გადასინჯვას, კობახიძის თქმით: „აქ არის ერთი რამ მთავარი. ჩვენ უნდა დაგვისაბუთონ, სად არღვევს ეს კანონი სამართლებრივ პრინციპებს. სადაც დაგვისაბუთებენ ასეთ რამეს, რომ არის სამართლებრივი ხარვეზები, რა თქმა უნდა, იქ მზად ვართ გადასინჯვისთვისაც".