21-12-2024 11:06:24 პოლიტიკა
ოთხი ოპოზიციური პარტია ["ძლიერი საქართველო", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის", "საქართველოსთვის"] 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის ( OSCE/ODIHR) დასკვნას საერთო განცხადებით ეხმიანება. მათი თქმით, "2024 წლის არჩევნების შეფასება ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა, რომელიც ამ ორგანიზაციას ოდესმე დაუწერია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით".
"ეუთო/ოდირი უკვე მრავალი წელია აკვირდება საარჩევნო პროცესს საქართველოში. 2024 წლის არჩევნების შეფასება ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა, რომელიც ამ ორგანიზაციას ოდესმე დაუწერია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ უზრუნველყო მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზაცია.
დასკვნის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვისაა აუცილებელი.
საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, 26 ოქტომბრიდან ატყუებს ქართველ ამომრჩეველს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას შეეძლო ქართლი ოცნების მიერ ძალაუფლების უზურპაციისთვის ლეგიტიმურობის მინიჭება. ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებულმა დასკვნამ და რეკომენდაციების ერთობლიობამ თავის შინაარსით დაადასტურა საარჩევნო შედეგის არალეგიტიმურობა, რაც ხელახალი არჩევნების საფუძველია.
კერძოდ, ეუთო/ოდირის დასკვნა განმარტავს, რომ ორგანიზაციის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას. მას შეუძლია მხოლოდ საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. თავისთავად ამ ფაქტის ხაზგასმა დოკუმენტში და ლეგიტიმურობის საკითხის ამგვარად დაყენება ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც სტანდარტულად ამ ტერმინოლოგიას დასკვნებში არ იყენებს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს ლეგიტიმაციის დეფიციტი.
რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესს, რომლის შეფასებაც არის ეუთო/ოდირის მანდატით განსაზღვრული, იგი შეფასებულია, როგორც მკვეთრად უარყოფითი, მრავალი დარღვევებით, მათ შორის ისეთი ფუნდამენტური პრინციპის, როგორიცაა არჩევანის ფარულობა.
ეუთოს დასკვნა ცალსახად აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ არ არსებობდა ნდობა ამომრჩევლის მხრიდან, რაც აისხა არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომელიც სასტიკად იქნა დარბეული, მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევით.
კონკრეტულად დასკვნა ხაზს უსვამს შემდეგ დარღვევებსა და ნეგატიურ გარემოებებს:
ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე: რა წერია OSCE/ODIHR-ის საბოლოო დასკვნაში საპარლამენტო არჩევნების შესახებ