21-12-2024 19:15:02 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ახალ არჩევნებს მიიჩნევს. ამის შესახებ მანოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, უკვე დასახულია "შეტევის სტრატეგია ყველა მიმართულებით“, რაც გულისხმობს აქტიურ მუშაობას როგორც საგარეო ფლანგზე, ასევე საქართველოში - სამართლებრივი კუთხითაც, რათა "არჩევნების უცბად დანიშვნის შემთხვევაში, ყველა მზად იყოს ახალი არჩევნებისთვის".
„ჩვენ დავსახეთ დღეს „შეტევის სტრატეგია“, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება უცხოელ პარტნიორებთან, შიგნით სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ, რომ აქ, დიდი დრო აღარ არის. დიდი დრო მით უმეტეს არ არის, რადგან თვითონ „ქართული ოცნება“ ძალიან აჩქარებული ტემპით არის გადასული - ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რადგან ის არის ერთადერთი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აიღებს იმისათვის, რომ არ ჩამოეშალოს მთლიანად მისი სისტემა, სანამ ჩამოიშლება მთლიანად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. მე პირადად მზად, ვარ, რომ როცა უნდა შევხვდე. მე ვიცი, რომ გარედან ძალიან ბევრი იქნება მზად, რომ ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა განახორციელოს. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის არჩევებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის [OSCE/ODHIR] საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზი, ციური პოლიტიკური ჯგუფები ["ძლიერი საქართველო", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის", "საქართველოსთვის"] და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები [„სამართლიანი არჩევნები” (ISFED); ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” (კოალიცია აერთიანებს 30 სამოქალაქო ორგანიზაციას)] სრულ საფუძველს ხედავენ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.
თავის მხრივ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებს, რომ OSCE/ODHIR–ის საბოლოო დასკვნა 26 ოქტომბრის არჩევნებს შემდგარად აცხადებს და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ ეჭვებს აქრობს.
ამავე თემაზე: რა წერია OSCE/ODIHR-ის საბოლოო დასკვნაში საპარლამენტო არჩევნების შესახებ.