სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

24-12-2024 13:40:14 სამართალი

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა, – იუწყება "ინტერპრესნიუსი".

დღევანდელ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულიყო.

ადვოკატის თქმით, იმ პირობებში, როცა სააკაშვილს უკვე თავისუფლება აღკვეთილი აქვს, მის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არის. ბასილაიას განმარტებით, მტკიცებულებათა გამოკვლევა ამოწურულია, სასამართლო დასკვნითი სიტყვის ეტაპზეა, შესაბამისად, აღკვეთად პატიმრობის გამოყენების საფუძვლები ბუნებაში აღარ არსებობს.

სახელმწიფო ბრალდება აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა განმარტა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას რამდენიმე საფრთხე დაედო საფუძვლად და მისი საფუძველი მხოლოდ მტკიცებულების განადგურება არ ყოფილა.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას განმარტებით, ახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხეები კვლავ არსებობს.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები