24-12-2024 19:14:34 პოლიტიკა ,სამართალი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს მისი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს. ამის შესახებ ნათქვამია PACE-ს ანგარიშში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2025 წლის 27 იანვარს განიხილავს სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე.
ანგარიშის თანახმად, ინციდენტი, რომელსაც PACE „მიუღებელს“ უწოდებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა.
„დაახლოებით 40-მა არამეგობრულად განწყობილმა, დაკუნთულმა პირმა საარჩევნო უბნის გარეთ [PACE-ს სადამკვირვებლო] გუნდის ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა. [ავტომობილს] საბურავი გაუხვრიტეს, რის შემდეგაც დამნაშავეებმა სცადეს, მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება, რისთვისაც უკვე დაზიანებულ მანქანას შეაჯახეს ძველი ავტომობილი“, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ხაზგასმულია რიგი საკითხებისა, რომლებმაც, PACE-ს შეფასებით, „მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და მისი შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა“.
ასეთ საკითხებს შორის დასახელებულია: "ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო უბნების მეოთხედზე დააფიქსირეს; სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება; ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირება გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად; ასევე, კითხვის ნიშნები ცესკოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით; არათანაბარი წვდომა მედიაზე და მედიის პოლარიზაცია; დაშინებისა და ზეწოლის ფართოდ გავრცელებული კლიმატი; „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“; ატმოსფერო, სადაც „დიდი ძმა გიყურებს“, რაც შექმნა „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების დამონტაჟებამ, რამაც გააჩინა თვალთვალის ფართოდ გავრცელებული შეგრძნება".
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.