"დანა ჩავიდა პირდაპირ გულში - დაფლითა ბავშვი" - მოზარდზე თავდასხმის დეტალები ხდება ცნობილი

25-12-2024 12:59:20 სამართალი

ამ დრომდე მძიმეა 16 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც თბილისში დაჭრეს. მას დანით აქვს მიყენებული დაზიანებები. მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 14 წლის ბიჭი, რომელიც ბრალის წარდგენას ელოდება. თუმცა, დაჭრილის ოჯახი მის თანამზრახველებზე საუბრობს და ამბობს იმასაც, რომ გამოძიება არასათანადო კვალიფიკაციით მიმდინარეობს. კერძოდ, საქმე აღძრულია განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, რეალურად კი ადგილი ჰქონდა ჩასაფრებას და განზრახ მკვლელობის მცდელობას.

კერძოდ, დაჭრილის დედა ყვება, რომ მის შვილებს თავს სავარაუდოდ, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები დაესხნენ. ამ დასკვნამდე მიდის ის თავდამსხმელთა სამოსზე დატანილი ემბლემებით.

ქალი ამბობს, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ მის შვილებს სახლთან ელოდა ექვსი ახალგაზრდა და როდესაც ძმებმა სახლი დატოვეს, აედევნენ, ჯერ უფროს ძმას დაესხნენ თავს, როდესაც მან გონება დაკარგა, უმცროსი ძმა მიბრუნდა მის დასახმარებლად და ამ დროს მას დანით მიაყენეს დაზიანება. თავდასხმის შემდეგ კი მიიმალნენ.

ბავშვი კლინიკაში ტაქსის მძღოლმა გადაიყვანა.

„14 წლის ბავშვს დანა ამოუღია და გიოს საძილე არტერიაში ჩაარტყა... ეს დანა ჩავიდა პირდაპირ გულში - დაფლითა ბავშვი...ეს ყველაფერი რომ მოამთავრა, კიდევ მიდიოდა დანის ჩასარტყამად, შემდეგ ისევ თავისიანებს განმოუწევიათ - ნიღბიანებს, „აღარ გინდა, მკვდარიაო“...ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები იყვნენ - შეხედეთ მათ სამოსს, ფოტოებს, ემბლემებს"- ყვება დაჭრილის დედა.

ქალი ამბობს, რომ მხოლოდ ხსენებულ 14 წლის მოზარდს არ ეკეთა სახეზე ნიღაბი, დანარჩენები შენიღბულები იყვნენ.

ის თვლის, რომ დაგეგმილი იყო მკვლელობა და მოითხოვს თანამზრახველების პასუხისგებაში მიცემასა, რომლებიც ჯერ არ არიან დაკავებულები.

Новости

Другие новости