ექიმის თქმით, დაჭრილი 16 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

25-12-2024 15:38:25 სამართალი

თბილისში დაჭრილი 16 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„23 რიცხვში შემოვიდა კისრის მიდამოს ჭრილობით. ოპერაციისას დაფიქსირდა მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანება, კერძოდ, საძილე არტერიის, ლავიწქვეშა ვენისა და ლავიწქვეშა არტერიის. ოპერაციის შემდგომ გადმოყვანილია რეანიმაციაში და რჩება კრიტიკულად მძიმედ, თუმცა სტაბილურად. ერთი ჭრილობა აქვს, კისრის მიდამოში, ასევე მარცხენა წინა მხარეს აღენიშნება ჭრილობები, ხელის მიდამოშიც არის ჭრილობა. სიცოცხლისთვის საშიში რაც არის, ესაა კისრის ჭრილობა“, – განუცხადა ექიმმა მედიას.

თავდასხმა ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს 14 წლის მოზარდი.

დაჭრილის დედა ყვება, რომ მის შვილებს თავს სავარაუდოდ, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები დაესხნენ.

ქალი ამბობს, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ მის შვილებს სახლთან ელოდა ექვსი ახალგაზრდა და როდესაც ძმებმა სახლი დატოვეს, აედევნენ, ჯერ უფროს ძმას დაესხნენ თავს, როდესაც მან გონება დაკარგა, უმცროსი ძმა მიბრუნდა მის დასახმარებლად და ამ დროს მას დანით მიაყენეს დაზიანება. თავდასხმის შემდეგ კი მიიმალნენ.

ბავშვი კლინიკაში ტაქსის მძღოლმა გადაიყვანა.

ქალი ამბობს, რომ მხოლოდ ხსენებულ 14 წლის მოზარდს არ ეკეთა სახეზე ნიღაბი, დანარჩენები შენიღბულები იყვნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები