
"მსგავს "ბეზპრიძელს" არასდროს შევსწრებივარ მოიცვეს მთელი სივრცე, კონკრეტულ პირს ეძებდნენ" - თვითმხილველი "ასპრიაში" ნიღბიანების შეჭრაზე საუბრობს
25/12/2024 12:03:25 საზოგადოება
"ტვ პირველს" თვითმხილველი უყვება, რომ 24 დეკემბერს "ასპრიაში" შეჭრილმა ნიღბიანმა პირებმა ფაქტობრივად ფიტნეს დარბაზის მთელი შიდა სივრცე მოიცვეს და ეძებდნენ კონკრეტულ პიროვნებას.
"იქ ვიმყოფებოდი და ჩემი თვალით ვნახე ეს ადამიანები, რომლებიც შემოვიდნენ ამ რაოდენობით ...ზუსტად ციფრს ვერ დავასახელებ, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობით ...იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი დარბაზიც არის და მთელი სივრცე მოიცვეს...
შემოვიდნენ, ყველას აუკრძალეს ტელეფონით სარგებლობა და გადაღება ამ ფაქტის. [...] მსგავს მართლაც "ბეზპრიძელს" არასდროს არ შევსწრებივარ...
ეძებდნენ კონკრეტულ პიროვნებას - სახელი და გვარი ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მერე როგორც გაჟღერდა, ერთ-ერთი მათგანია. აი, იქ რომ ყოფილიყო ის ადამიანი, რა ფაქტის წინაშე დავდგებოდით... იმიტომ, რომ მუქარა იყო ამ ადამიანის მიმართულებით და ალბათ იქ რომ ყოფილიყო, რას უზამდნენ, მე არ ვიცი. [...]",- ყვება თვითმხილველი.
მისი ინფორმაციით, შეჭრილები კერძო ტერიტორიაზე შეჭრილები შავებში იყვნენ შემოსილები და სახეზე ნიღბები ეკეთათ:
"ძირითადი მასის სახეზე იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო".
არხის ცნობით, 24 დეკემბერს, დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს დარბაზ "ასპრიაში" ნიღბიანი პირები შეცვივდნენ და ეძებდნენ გიორგი უბილავას. არხის ცნობით, ის არის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის გიორგი შინჯიკაშვილის "დაჯგუფების წევრი", რომელსაც გაზაფხულზე დაპირისპირება ჰქონდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილთან.
"ასპრიაში" "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ, დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ თანამშრომლობენ ჟურნალისტთან და ამტკიცებენ, რომ შენობაში დამონტაჟებული ყველა კამერა დაზიანებულია.