
ბილდტი: საქართველოში სიტუაცია 29 დეკემბრის შემდეგ პიკს მიაღწევს, ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად
26/12/2024 05:43:17 პოლიტიკა
„მასიური საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში გრძელდება. სიტუაცია 29 დეკემბრის შემდეგ პიკს მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, -ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: 22 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრის შემდეგ შეიძლება ციხეში მოხვდეს, თუკი იგი პრეზიდენტის რეზიდენციაში „გამაგრდა“ და „სისხლის სამართლის დანაშაული“ ჩაიდინა:
„72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა, არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“.
23 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ იქნება "პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით". პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ "დასაცავი არ იქნება" და რომ არც ეშინია.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში 29 დეკემბერს გაიმართება.
25 დეკემბერს, საღამოს საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ისინი 29 დეკემბრის შემდეგ მასთან, სასახლეში დარჩებიან.
14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 300–წევრიანი საარჩევნო კოლეგიის დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
"ქართულ ოცნებას" 300–წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად საკმარისი იყო. ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა. ბათილი ბიულეტენი ეკუთვნოდა კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან ადა მარშანიას.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი.