Accentnews.ge
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი  პროფესიული კავშირი: “სოფრომაძის გათავისუფლება მიზნად ისახავს მერიის სისტემაში დასაქმებულთა დაშინებას“

საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი  პროფესიული კავშირი: “სოფრომაძის გათავისუფლება მიზნად ისახავს მერიის სისტემაში დასაქმებულთა დაშინებას“

26/12/2024 16:11:24 საზოგადოება

,,საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ თბილისის მერიიდან გიგა სოფრომაძის გათავისფულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ “სოფრომაძის გათავისუფლება მიზნად ისახავს მერიის სისტემაში დასაქმებულთა დაშინებას“.

“გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიაში დასაქმებული გიგა სოფრომაძის გათავისუფლების საკითხს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში და მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რათა დედაქალაქის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში გათვალისწინებული ყოფილიყო შშმ პირთა ინტერესები, ადაპტირებული ყოფილიყო ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამ ადამიანებისთვის.

მისი გათავისუფლების ბრძანებას წინ უძღვოდა რამდენიმე საგულისხმო ფაქტი: გიგა სოფრომაძემ გუშინ სხვა თანადამფუძნებლებთან ერთად მიმართა იუსტიციის სახლს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის“ რეგისტრაციაში გატარების მიზნით, რომლის თანათავმჯდომარეცაა. ის ასევე არის თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას. გარდა ამისა, გიგა ბოლო წლებში, ღიად აფიქსირებდა საკუთარ აზრს „გამჭვირვალობის კანონთან“ და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და პირდაპირი დარტყმა ჩვენს ორგანიზაციაზე, ჯერ კიდევ მისი რეგისტრაციის დასრულებამდე, ასევე ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დასაქმებულთა დაშინებას.

ეს გადაწყვეტილება პასუხგაუცემელი არ დარჩება და ჩვენი ერთობა ბოლომდე იბრძოლებს მისი ინტერესების დასაცავად, კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმით.

ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სოლიდარულნი ვიქნებით ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დარტყმის სამიზნეა და დავიცავთ ჩვენი კოლეგების ინტერესებს, ვინც განუხრელი პატიოსნებით შრომობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიგა სოფრომაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ხელი მოაწერა თბილისის მერიის თანამშრომლების საერთო განცხადებას, რომელშიც ისინი "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილად გაემიჯნენ.

4 დეკემბერს "ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ.

11 დეკემბერს კალაძე ირწმუნებოდა, რომ "მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S