
კალაძე, რომელიც დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც "ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, ირწმუნება, რომ სოფრომაძის გათავისუფლება "პოლიტიკური ნიშნით" არ მომხდარა
27/12/2024 07:58:32 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც 4 დეკემბერს დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, დღეს ირწმუნება, რომ მერიიდან გიგა სოფრომაძის გათავისუფლება "პოლიტიკური ნიშნით" არ მომხდარა.
„ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, იყო ხელშეკრულებით და ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის უშუალოდ მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე. დღეს, ყველა ამ პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი მუშაობის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ხელშეკრულება დასრულებულია და გაგრძელების საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში. ეს არის მარტივად. დანარჩენი, ვისაც რა სპეკულაციები უნდა, მისი უფლებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე მტკიცებით, "მერიაში დასაქმებულებისთვის განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამოთქმა არასდროს შეუზღუდავთ":
„ჩვენ არავინ შეგვიზღუდავს. უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, აქციებზეც დადიოდა, პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს აკეთებდა. ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც ნიკა გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი თანამშრომელი იყო. ჩვენ თუ ისეთი მიდგომები გვქონდა, რომ პოლიტიკურად განსხვავებულ აზრს ვდევნიდით, მაშინ ამ ადამიანებსაც გავუშვებდით სამსახურიდან, მაგრამ არ გვქონია ეგ დამოკიდებულება. თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა. ის, რაც გააკეთა საჯარო სამსახურების ზოგიერთმა თანამშრომელმა, იყო ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ შენ შეგიძლია საკუთარი სახელით ნებისმიერი მოსაზრება გამოხატო, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებ კოლექტიურად, საჯარო სამსახურის სახელით, აბულინგებ შენს თანამშრომლებს, აყენებ შეურაცხყოფას, რომ მოაწერონ ხელი. ამის მტკიცებულებები არსებობს. პიროვნულად ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, სად მუშაობს, შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება“.
- გიგა სოფრომაძე, რომელიც თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის თანამდებობაზე მუშაობდა, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ხელი მოაწერა თბილისის მერიის თანამშრომლების საერთო განცხადებას, რომელშიც ისინი "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილად გაემიჯნენ.