Accentnews.ge
ბლინკენი: ივანიშვილს სანქციები დაუწესდა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის

ბლინკენი: ივანიშვილს სანქციები დაუწესდა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის

27/12/2024 16:34:53 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".

  • "შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას და აღკვეთა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის უფლება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაუხერგეს გზა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს - მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია და საქართველოს კონსტიტუციის მიერ არის დაკანონებული. შედეგად, საქართველო რჩება მოწყვლადი რუსეთის წინაშე, რომელსაც ამ დრომდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტი.
  • ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ „ქართული ოცნების" ქმედებებს, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობას მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ხელყოფს.
  • ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის არჩევანი“, - განმარტავს სახაზინო დეპარტამენტი.

მისივე ინფორმაციით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაშია, ან მათ კონტროლს ექვემდებარება, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S