
კობახიძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის სანქცირებას "არსებითი დატვირთვა არ აქვს", თუმცა ცვლილებების იმედს იტოვებს
27/12/2024 17:04:55 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ ივანიშვილი აქამდე დე ფაქტო სანქციების ქვშ იმყოფებოდა და რომ ამჯერად არაფერი შეცვლილა.
„სინამდვილეში არაფერი შეცვლილა - დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო - ამ ადამიანმა ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ დათმო“,- იმეორებს კობახიძე.
მისივე მტკიცებით, „ჯერ აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები და საბოლოო ჯამში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც არ აქვს არანაირი არსებითი დატვირთვა, პირიქით - ამ გადაწყვეტილებით გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი“.
„ეს არის ის, რასაც აკეთებდა ამ სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ვუწოდებთ ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა ასეც და ისეც არაფერი შეცვლილა. ახლახანს მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც ზუსტად იგივეა - არაფერი განსაკუთრებული [...] დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც გამოცხადებული იქნა, არის ბიძინა ივანიშვილის ჯილდო და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის“,- ამტკიცებს კობახიძე.
27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".