
გაგლოევი: "ჩვენს მიმართ "ოცნების" პოლიტიკა დიდად არაფრით აღმოჩნდა განსხვავებული ოპოზიციისასაგან"
28/12/2024 14:02:07 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე დანარჩენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს "გავლენას არ ახდენს და არ მოახდენს სამხრეთ ოსეთთან საქართველოს ურთიერთობებზე".
"ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა პროცესს, ვინაიდან ნებისმიერი პოლიტიკური რყევა შეიძლება, იქცეს დესტაბილიზაციის მიზეზად ჩვენს საზღვრებთან, თუმცა ყველას შევახსენებ, რომ ამ ჩვენს საზღვრებს საიმედოდ იცავენ რუსი და ოსი მესაზღვრეები" - განაცხადა გაგლოევმა.
რაც შეეხება თავად პოლიტიკური კრიზისის მიზეზებს, მათზე საუბრისას დე-ფაქტო ლიდერმა კრემლის ცნობილ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული ნარატივები მოიშველია და განაცხადა, რომ "დასავლეთის მრავალწლიანი მანიპულაციები და საკუთარი ფასეულობების ძალდატანებით დანერგვის მცდელობა დამღუპველი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის".
ამასთან, გაგლოევის თქმით, ცხინვალისთვის "უდავოდ, უფრო სასურველი იქნებოდა, საქართველოს სათავეში ყოფილიყვნენ შექმნილი რეალობის ადეკვატური აღქმის მქონე პოლიტიკოსები, რომლებიც არ მისდევენ ვერახდენად ოცნებებსა და ილუზორულ მიზნებს, თუმცა ოსები რეალისტები არიან, ილუზიები არ გააჩნიათ და არაერთგზის დარწმუნდნენ კიდეც იმაში, რომ მეზობელ სახელმწიფოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის ყველა უთანხმოება მთავრდება, როცა სამხრეთ ოსეთზეა საუბარი. იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენს რესპუბლიკასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" პოლიტიკა, როგორც აღმოჩნდა, დიდად არაფრით განსხვავდება ოპოზიციისაგან: ორივენი ეპოტინებიან მითიურ "ტერიტორიულ მთლიანობას", არ აღიარებენ რა სამხრეთ ოსეთის უფლებას არა მხოლოდ თვითგამორკვევაზე, არამედ თუნდაც არსებობაზე. მსგავს პირობებში უახლოეს მომავალში ყოველგვარ ნორმალიზებაზე საუარი ზედმეტია - განურჩევლად იმისა, რით დასრულდება პოლიტიკური კრიზისი საქართველოში" - დასძინა მან.
დე-ფაქტო ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რას ელის ცხინვალი თბილისისგან ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყებად: ესაა "ოსების გენოციდის აღიარება" და ძალის არგამოყენების შესახებ "ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის შეთანხმების" გაფორმება.
ცნობისთვის: საქართველოს არაფორმალური მმართველი, აწ უკვე საეჭვო ლეგიტიმაციის მქონე "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე აქტიურად იყენებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობის ვითომდა "ნებისმიერ წუთს შესაძლო გაჩემის" თემას და ოსებისთვის 2008 წლის ომის გამო ბოდიშის მოხდის ინიციატივით გამოდიოდა, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. სადავო არჩევნების შემდეგ "ოცნების" წარმომადგენლებს ამ მიმართულებით დღემდე აღარაფერი უთქვამთ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021