სახელმწიფო ინფორმაციის დამალვით, მოქალაქეებს უზღუდავს შესაძლებლობას, მიიღონ ეფექტური მკურნალობა

30-12-2024 17:59:58 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

სისხლდენა, ძლიერი ხველა, გონების კარგვა, სუნთქვის გართულება, ძლიერი სისუსტე - ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიმპტომებისა, რომლებსაც აწყდებიან საპოლიციო ძალების მხრიდან რუსთაველზე გამოყენებული დიდი ოდენობით წყლის ჭავლისა და ე.წ. ცრემლმდენი გაზის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩენილი დემონსტრანტები. ამ სპეცსაშუალებებს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში იყენებდა მიუხედავად ექიმების კატეგორიული გაფრთხილებისა შესაძლო მძიმე შედეგების თაობაზე. სიმპტომებმა, როგორც მედიკოსები პროგნოზირებდნენ, რიგ შემთხვევებში, სამიოდ დღეში იჩინა თავი, მოელიან გრძელვადიან პერსპექტივაში ვითარების დამძიმებასაც, ადამიანები საჭიროებენ შერჩეულ მკურნალობას გამოყენებული ნივთიერებების გათვალისწინებით, თუმცა შსს ამ დრომდე არ გასცემს ინფორმაციას მათ შესახებ. შესაბამისად, მოქალაქეებს უზღუდავს შესაძლებლობას, მიიღონ ეფექტური მკურნალობა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სხვა უფლებადაცვით ორგანიზაციებთან ერთად სწავლობს მსგავს შემთხვევებს გარდა დემონსტრანტებზე ძალადობისა.

როგორც „აქცენტს“ უამბობს საია-ს ანალიტიკოსი თაზო კირტავა, რომელიც ასევე ესაუბრა არაერთ დაზარალებულს, პროევროპულ აქციებზე დაფიქსირდა აღნიშნული სპეცსაშუალების ხშირად უსაფუძვლოდ გამოყენება, მეორეც - იმგვარად, რომ საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და არღვევდა მისი გამოყენების წესებს. კერძოდ:

  • გაზის კაფსულების ახლო მანძილიდან სროლა;
  • გაზის კაფსულების სახურავებიდან ჩამოგდება, რაც მაღალი რისკის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კონტექსტში;
  • რიგ შემთხვევებში, იყენებდნენ ისეთ ადგილებში, საიდანაც ადამიანებს გასვლის საშუალება არ ჰქონდათ - საპოლიციო ძალებს ჰქონდათ გასასვლელები ბლოკირებული ან ადამიანების მაღალი რაოდენობის გამო, ხდებოდა ჭყლეტა;

ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სიტყვები ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ, „ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზეო“: „როცა ცრემლსადენი გაზის გამოყენება ხდება, ხდება იმის გამო, რომ აქცია გასული არის კანონიერი ჩარჩოებიდან. შესაბამისად, როცა ხდება სპეციალური საშუალებების გამოყენება, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი უნდა წავიდეს სახლში და არა გაუწიოს უფრო მეტი წინააღმდეგობა და გადავიდეს შეტევაზე“.

  • „თვალსაჩინო იყო გაზის დიდი რაოდენობით გამოყენებაც“ - ამბობს საიას ანალიტიკოსი - თვითმხილველები ხაზს უსვამენ, რომ გაზის მაღალი კონცენტრაციის გამო შეზღუდული იყო ხილვადობა, ვერ ორიენტირდებოდნენ სივრცეში და ტერიტორიას ვერ ტოვებდნენ.

„ამგვარი მეთოდებით გამოყენება მსგავსი საშუალებების, ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და სხვადასხვა შემთხვევებში, ადამიანები ჩივიან, მათ შორის ხანგრძლივი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რაც მათ გაზის ექსპოზიციამ დაუტოვა. ჩვენ მოვუწოდეთ შსს-ს, გაესაჯაროებინა ის საშუალებები, რომელსაც იყენებენ, რათა ექიმებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, შესაბამისი მკურნალობა შეერჩიათ, მსგავსი მოწოდებით შსს-ს მიმართეს ექიმებმა, თუმცა დღემდე ზუსტად არ ვიცით, რა საშუალებას იყენებდა შსს მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ. ცხადია, ეს ართულებს ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენას“.

შესაბამისად, სახელმწიფო უგულებელყოფს საკუთარ პასუხისმგებლობას: სახელმწიფო პასუხისმგებელია, არ იყენებს ძალას არაპროპორციულად, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველად. შემდგომ უკვე, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე, არ იღებს ზომებს, რაც ექიმებს შესაძლებლობას მისცემს, ეს რისკი შეამცირონ.

„ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა მათ მიერ გამოყენებული საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. ეს ვრცელდება არა მხოლოდ გაზზე, არამედ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევაზე (არ ვიცით, რა ნივთიერებებია), რასაც პირველ დღეებში ჰქონდა ადგილი და რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს“,- ამბობს კირტავა.

საიას ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ დროისთვის დოკუმენტირება მიმდინარეობს:

„დავიწყეთ დოკუმენტირება - მაქსიმალურად ვაგროვებთ მტკიცებულებებს, ისტორიებს. ყველას, ვინც დაზარალდა, მათ შორის, დაზარალდნენ ამ ქიმიური ნივთიერებების ექსპოზიციის შედეგად, ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ. ვატარებთ ინტერვიუებს, მონაცემებს გავაანალიზებთ.პირადად მქონდა გასაუბრება ადამიანებთან, რომლებსაც ახლაც აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, ფილტვებთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემებიც, რაც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. ერთ-ერთი მათგანი სახლიდანაც ვერ გამოდიოდა, დისტანციურად გავესაუბრე, საუბრის დროს, მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადავდეთ ინტერვიუ. დიახ, გვაქვს ასეთი ქეისები - ფაქტებს ვაგროვებთ“.

ამბობს, რომ მონაცემების თავმოყრის და გაანალიზების შემდეგ გამოიკვეთება სურათი - რა მასშტაბთან, მეთოდებთან გვაქვს საქმე და კიდევ უფრო ნათელი გახდება სამართლებრივი გზები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ინდივიდუალური სარჩელებით მიმართვის შესაძლებლობა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის რელევანტურობა, გაეროს მექანიზმების გამოყენება.

თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია, ადამიანებს კი უდგათ მყისიერი საჭიროება, ჰქონდეთ ინფორმაცია მათ წინააღმდეგ გამოყენებული ნივთიერებების შესახებ, რათა მიიღონ ეფექტური მკურნალობა. ამ კუთხით საიას წარმომადგენელი ორ შესაძლებლობაზე საუბრობს: ერთია სასამართლო, თუმცა პოლიტიზების პირობებში ნაკლებად ეფექტურად განიხილავს; მეორეა საზოგადოებრივი, პროფესიული, საერთაშორისო წნეხი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები