
"გვინდა, კარგი სურვილები გავუშვათ ზეცაში" - ზვიად ცეცხლაძის მშობლებიც გლდანის ციხესთან შეხვდებიან ახალ წელს
31/12/2024 17:05:35 საზოგადოება
რუსთაველზე მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს. მათ შორისა არიან პროევროპული აქციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებული 19 წლის სტუდენტის ზვიად ცეცხლაძის მშობლები - ნარგიზ დავითაძე და ზურაბ ცეცხლაძე. ახალ წელს საპატიმროში პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით დაკავებული 51 ადამიანი ხვდება.
"ამ დროს სახლში როგორ უნდა გაჩერდე?!",- ამბობს დავითაძე.
"ახალგაზრდები არ გაჩერდებიან, რადგან ჩვენ გვჭირდეა ევროპა და არა რუსეთი - ახალგაზრდებს უნდათ თავისუფლება. მინდა, გლდანის ციხესთან ახლოს მივიდეთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ [დაკავებულებს].
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ გადაწყვეტია, ახალ წელს შეხვდეს გარეთ. გვინდა, კარგი სურვილები გავუშვათ ზეცაში. ღმერთმა გვისმინოს",- თქვა ცეცხლაძის დედამ.
მან გაუზიარა მოქალაქეებს პატიმრობაში მყოფი ვაჟის განწყობაც:
"ზვიადისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი - ეს მას ამხნევებს და სტიმულს აძლევს. მოქალაქეები, მისთვის უცნობი ადამიანები წერილებს უგზავნიან და ესეც "ძალიან მაძლიერებსო". მადლობა მთელს საქართველოს, დედებს, მამებს, ვინც გვამხნევებს, "ისეთი წერილები მომდის, ამ მუხტით და ენერგიით დავფრინავო".
ზვიად ცეცხლაძის მამას ზურაბ ცეცხლაძეს აქვს მოლოდინი, რომ მნიშვნელოვანი წელი მოდის, ვინაიდან მთელი რიგი საკითხები, რომელთაც გავლენა ექნებათ ქვეყნის ცხოვრებაზე, სწორედ ამ წელს უნდა გადაწყდეს:
"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ახალი წელი დაუდგებოდა უშუალოდ ჩვენს ოჯახს და სრულიად საქართველოს. გზაგასაყარზე ვართ დღეს. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ცუდი მოვლენები განვითარდა, მოსახლეობა იაზრებს, რომ არ ეზეიმება - პროტესტსნარევი ზეიმია. პროტესტი ყველგანაა... მიუხედავად ყველაფრისა, 2025 წელი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ვინაიდან ბევრი რამ ამ წელში უნდა გადაწყდეს. უნდა გადაწყდეს ევროპული მომავლის საკითხი და თან პირველივე თვეებში; უნდა გადაწყდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი; ნორმალური არჩევნების საკითხი; უნდა გაუქმდეს ბოლო პერიოდში მიღებული სადამსჯელო კანონები - რუსული სტილის - ბევრი რამ არის გასაკეთებელი 2025 წელს. ამდენად, ჩვენს მოსახლეობას ვუსურვებ მთავარი მიზნის მიღწევას".
გლდანის ციხესთან შეხვდებიან ახალ წელს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მშობლებიც.
ანდრო ჭიჭინაძის დედა: უნდა გავუძლოთ, სხვაგვარად არ გამოვა - გაჩერება გამორიცხულია!