ბოლნისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

01-01-2025 21:53:15 სამართალი

საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყებამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე დაიღუპნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება",-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 30 დეკემბერს, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდა, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილას ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. მედიის ცნობით, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს.

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და ამასთან, დაშავდა რვა მოქალაქე. შსს–ს ცნობით, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები