Accentnews.ge
პენტაგონი - კიბერთავდასხმაზე: "ჩვენ საქართველოს მხარდაჭერის პირობას ვდებთ"

პენტაგონი - კიბერთავდასხმაზე: "ჩვენ საქართველოს მხარდაჭერის პირობას ვდებთ"

20/02/2020 17:43:44 საგარეო პოლიტიკა

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს და რუსეთს ქვეყანაში მავნე ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ამერიკის ხმას" პენტაგონის წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კარლა გლისონმა განუცხადა.

მისივე თქმით, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ [გრუ] საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კიბერ-თავდასხმა განახორციელა, რამაც სამთავრობო და კერძო ვებ-გვერდების, სამაუწყებლო სისტემების მუშაობა შეაფერხა და „გავლენა იქონია საქართველოს მთელს მოსახლეობაზე.“

„ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის მავნე ქმედებები გამჭვირვალობას და სტაბილურობას, ასუსტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და არღვევს მეზობლების სუვერენიტეტს. შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიო რჩება: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ძირითად ინტერესებს და რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას დავაკისრებთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ამ საქმიანობისთვის,“ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

ვიცე-პოლკოვნიკ გლისონის თქმით, პენტაგონი შეუერთდა „საეთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცე მოწოდებაში, შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში".

"ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს“ - დასძინა მან.

პენტაგონის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ: "რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერ-თავდასხმები „ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბერ-ოპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“.

მსგავსი შინაარსის განცხადებები ამ დრომდე უკვე გაავრცელეს დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, დანიის, ლიეტუვის, ჩეხეთის, პოლონეთის, ავსტრალიის და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყებებმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S