ბურჯანაძე – კიბერთავდასხმაზე: „შეიძლება, რუსებმა ივარჯიშეს ან იხუმრეს“
20/02/2020 19:54:58 პოლიტიკა
„დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერ–შეტევას გმობს, თუმცა ფიქრობს, რომ თუ ავტორი რუსეთია, მან „იხუმრა“.
„ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია. თუ რუსეთმა გააკეთა, ვგმობ, მარსიანელებმა – ვგმობ. შეიძლება, ივარჯიშეს რუსებმა, ან გაიხუმრეს“: საქართველოს უმოქმედო, უნიათო მთავრობის და პრეზიდენტის ვებ–გვერდი იმუშავებს თუ არა, ამას რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და არც საქართველოსთვის. ან იხუმრეს, ან წაივარჯიშეს. ეს ცუდია. არ ვიცი, რისთვის წაივარჯიშეს. საქართველოში არჩევნები არ არის იმდენად ავტომატიზირებული და კომპიუტერიზებული. ჩვენთან ყუთებში იყრება ბიულეტენები“,– განაცხადა ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. თავდასხმა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
ქმედება დაგმეს აშშ–ისა და ბრიტანეთის საელჩოებში, პენტაგონში და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მხარდამჭერი განცხადება გააკეთა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.


