08-01-2025 17:47:39 სამართალი
პროკურატურამ ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრას მიმდებარედ, უცხოელი წყვილის დაყაჩაღებისა და ერთ-ერთი მათგანის მკვლელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა. მათ ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე წარედგინათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და მობილური ტელეფონები გასტაცეს. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით გაიტაცეს. მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით, მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ცნობით, შსს-ში საქმეზე გამოძიება გრძელდება.