
ეუთოს PA – კაუმას ვიზიტის გადადებაზე: გადაწყვეტილება გარე ზეწოლის გამო არ არის მიღებული
10/01/2025 07:30:45 პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) აცხადებენ, რომ OSCE PA–ს პრეზიდენტს, ფინეთის პარლამენტის წევრ პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი "გარე ზეწოლის გამო" არ გადაუდია.
"გადაწყვეტილება გარე ზეწოლის გამო არ არის მიღებული", – განუცხადეს "აქცენტს" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში და კაუმას მიერ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუზე მიუთითეს.
როგორც OSCE PA–ში აღნიშნეს, გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას კაუმამ შემდეგი განაცხადა:
- "ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საზოგადოების ყველა მნიშვნელოვან აქტორთან - მათ შორის, ოპოზიციასა და სამოქალაქო ორგანიზაციებთან - ჩართულობა. თუმცა გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობდა საკმარისი მზაობა ჩვენთან შესახვედრად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ეუთოს მხრიდან, ინიციატივას ვავლენდეთ და ჩავდიოდეთ საქართველოში, მაგრამ ამისთვის საკმარისი კეთილგანწყობაც უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ მიგვიღონ. მივიღე წერილი სამი ოპოზიციური პარტიისგან, რომელშიც ისინი მირჩევდნენ, ვიზიტი ან გადამედო, ან მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ჩამოვსულიყავი. ერთ-ერთი მოთხოვნა ახალი არჩევნების თარიღის განსაზღვრა იყო, მეორე კი დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ეხებოდა. ამ ეტაპზე, ცხადია, ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. თუმცა, მინდა ასევე დავამატო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ და მზად იყვნენ ჩვენთან შესახვედრად და ODIHR-ის რეკომენდაციების განხილვაზე სასაუბროდ".
ცნობისთვის: მას შემდეგ რაც, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო, "ქართული ოცნების" პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშული "საერთაშორისოდ კოორდინირებული მოვლენას" დაუკავშირა.
"ჩვენ თავის დროზე ქალბატონ პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი მაგალითად საქართველოში და რეალურად, თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი. ვფიქრობ, ქალბატონმა კაუმამ დაინახა ისიც, რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს არის საერთაშორისოდ კოორდინირებული მოვლენა“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალსტებს 7 იანვარს.
5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პია კაუმა საქართველოს ეწვეოდა.
პია კაუმას გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა რიჰარდს კოლსმა და რასა იუკნევიჩიენემ და გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმაც. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას მოუწოდა, ამ ეტაპზე უარი ეთქვა თბილისში ვიზიტზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. გარდა ამისა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა: "ასეთ არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!".
პია კაუმას ერთობლივი წერილით მიმართეს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" და „ძლიერი საქართველო". ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამაც.
6 იანვარს პია კაუმამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო.
პია კაუმას ვიზიტი 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021