
ბუნდესტაგის ფრაქციები – საქართველოზე: საჭიროა დემოკრატიული პრინციპების აღდგენა, რომლის შედეგადაც შეიძლება, ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები
10/01/2025 08:10:05 პოლიტიკა
ახლა საჭიროა დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის პლურალისტური პროცესი, რომლის შედეგადაც შეიძლება, ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, - ნათქვამია გერმანიის ბუნდესტაგის რამდენიმე ფრაქციის ერთობლივ განცხადებაში საქართველოსთან დაკავშირებით.
გერმანელი დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს მიზანმიმართულ სანქციებს ევროკავშირის დონეზე იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე.
"ეროვნულ დონეზე 9 პირის მიმართ უკვე დაწესებულია ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მხარდაჭერის ბევრი ღონისძიება შეჩერებულია. ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების, კეთილდღეობისა და დემოკრატიისკენ სწრაფვის მიმართ. მტკიცედ ვდგავართ საქართველოში დემოკრატების გვერდით და გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, რომ ქვეყანა უკან დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დააბრუნონ. ახლა საჭიროა დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის პლურალისტური პროცესი, რომლის შედეგადაც შეიძლება, ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები", – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს გერმანიამ დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს სავიზო შეზღუდვა დაუწესა.