11-01-2025 18:07:05 პოლიტიკა
„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ მისი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, "მინდა "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებულ წერილზე გკითხოთ, სადაც თქვენ ე.წ "დიფ სთეითის" - ჩრდილოვანი სახელმწიფოს” ნაწილად მოგიხსენიებენ, ამბობენ, რომ "დეგრადირებული პოლიტიკოსი" ხართ, რომელიც საქართველოს “აშანტაჟებს”. აქამდეც რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოს შესახებ თქვენი აქტიურობის ნაცვლად ფულსაც გიხდიან, რას იტყვით ამაზე?", კონგრესმენმა შემდეგი განაცხადა:
"შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოში ვიზიტებისას, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იქ გავიცანი. ასე რომ, ჩემი ინტერესი არაფერია, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის ვიბრძოდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ამან შედეგიც გამოიღო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართველ ხალხს, რომ მათ საბოლოოდ ჰქონდეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები".