11-01-2025 18:29:26 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ პროცესი მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით მიმდინარეობს.
"მიუხედავად ამ საქმის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესისა და იმისა, რომ წინასწარ იყო განჭვრეტადი სხდომაზე დასწრე მსურველთა დიდი რაოდენობა, სხდომა მაინც მცირე დარბაზში ჩაინიშნა. ადვოკატები ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, რადგან დარბაზში შესვლას ვერ ახერხებდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებიც კი. გარდა ამისა, უჟანგბადობის გამო შეუძლოდ გახდა ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი და პროცესზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დარბაზი თავისუფალია. პროკურორებიც ხედავდნენ სხდომის გადატანის საჭიროებას, თუმცა თავდაპირველად შუამდგომლობის დაკმაყოფილებას არ დაეთანხმდნენ, ხოლო მოგვიანებით პოზიცია აღარ დაუფიქსირებიათ.
ამ წუთებში სხდომა შეჩერებულია, რადგან ადვოკატებმა და ბრალდებულებმა არაადამიანური პირობების გამო სხდომა დატოვეს და აცხადებენ, რომ მზად არიან პროცესში მონაწილება გააგრძელონ დარბაზის ცვლილების შემდეგ. სასამართლო ელოდება სავალდებულო დაცვის ადვოკატებს, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ კერძო ადვოკატები, რათა სხდომა გაგრძელდეს (კანონის თანახმად, ბრალდებულებიდან ხუთს ადვოკატის არყოლის შემთხვევაში, სავალდებულო ადვოკატი უნდა დაენიშნოს).
აშკარაა, რომ ამ და სხვა პროცესუალური ნორმების დარღვევა მიზნად ისახავს დაკავებული პირების სამაგალითოდ დასჯას და ამ მიზნის მიღწევა ხდება კანონის სრული იგნორირებით. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ და მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს შეწყვიტოს დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ბრალდებულები: ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ და სხვა საქმეებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს.
აქედან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
დანარჩენ ხუთს, მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას.
ამ წუთებში, საპროტესტო აქცია გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.
ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობასა და ეზოში ხმაური და პროტესტი მოჰყვა.