
“ჩემს სახლთანაც მომხდარა მსგავსი შემოჭრები, მაგრამ არ მითქვამს, რომ ეს ოპოზიციის ორგანიზებული იყო"
21/02/2020 11:42:10 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ბოლო პერიოდში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „მსგავსი შემოჭრები მის სახლთანაც მომხდარა“.
„ჩემს საცხოვრებელ სახლთან, ჩემი მოხუცებული მშობლების საცხოვრებელ სივრცეშიც ხშირად მომხდარა მსგავსი შემოჭრა. არასოდეს აზრადაც არ მომსვლია, გამეკეთებინა დასკვნა, რომ ეს იყო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული. ეს არის გამოძიების საქმე და დავანებოთ თავი პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას კითხვაში“, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის: ოპოზიციონერ დეპუტატ ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ახალგაზრდების ჯგუფები გააქტიურნენ. ცოტა ხნის წინ ისინი კანონმდებელს რესტორანში ვახშმობისას შეუვარდნენ. თავად დეპუტატის განცხადებით, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები არიან და მათ დავალებებს აძლევენ". აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერ არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. მათი თქმით, მართველი გუნდის სიმბოლო საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირია.