ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევას გმობს
21/02/2020 13:56:00 პოლიტიკა
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს.
„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს კიბერშეტევას საქართველოს წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფომ უნდა დაიცვას საერთაშორისო კანონი და იყოს გარანტორი გლობალური, ღია, სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცისა, სადაც ძალაშია ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და კანონის უზენაესობა“, – ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე „ტვიტერში“.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. თავდასხმა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესტონეთი, მონტენეგრო, ლიტვა, კანადა, ისლანდია, ავსტრალია, უკრაინა და ახალი ზელანდია რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ–შეტევას გმობენ.


