რუსეთის სათათბიროში საქართველოს „საინფორმაციო თავდასხმაში“ ადანაშაულებენ
21/02/2020 14:08:55 პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრები საქართველოს „რუსეთზე საინფორმაციო თავდასხმაში“ ადანაშაულებენ.
სწორედ „საინფორმაციო თავდასხმის თვალსაჩინო მაგალითად“ მიიჩნევს სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ანტონ მოროზოვი ოფიცილური თბილისის ბრალდებას 2019 წელს საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ.
«ბუნებრივია, რუსეთის დაზვერვა საქმეს საქართველოს ხელმძღვანელობის ბრალდებების მეტი „ჟღერადობისთვის“ მიაკერეს. რუსი და ქართველი ხალხები ყოველთვის მეგობრულად იყვნენ განწყობილი, ორივე მხრიდან არსებობს დაახლოების, დიალოგის გაღრმავებისა და ურთიერთობების გაუმჯობესების დაკვეთა. მაგრამ ეს არ აწყობს პროამერიკულ რეჟიმს, რომელიც საქართველოს მართავს“ - განუცხადა მოროზოვმა რუსულ გამოცემას «Экономика сегодня»-ს.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. თავდასხმა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესტონეთი, მონტენეგრო, ლიტვა, კანადა, ფინეთი, ისლანდია, ავსტრალია, უკრაინა და ახალი ზელანდია რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ–შეტევას გმობენ.


