ევროკავშირი საქართველოზე კიბერ-შეტევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

21-02-2020 18:28:51 პოლიტიკა

ევროკავშირი 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე განხორციელებული კიბერ-შეტევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველო კიბერ-შეტევის ობიექტი გახდა, რასაც მისი სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენება მოჰყვა. ევროკავშირი და მისი წევრები შეშფოთებას გამოხატავენ ამ კიბერ-თავდასხმის გამო, რომელმაც აჩვენა კიბერ-სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ უპატივცემულობა. ეს ძირს უთხრის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც მოაქვს ინტერნეტსა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას“,– ნათქვამია ევროკავშირის 21 თებერვლის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ორგანიზაციის წევრები გმობენ კიბერ-თავდასხმას და კიბერმედეგობის გამყარებაში საქართველოსთვის დახმარების გაწევას გააგრძელებენ.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ უპასუხისმგებლო და მადესტაბილიზებელი მოქცევის გამო კიბერსივრცეში და კვლავაც ყურადღებას დავუთმობთ გამოწვევებს, რომლებსაც კიბერსივრცე აწყდება საშინაო და საგარეო, ასევე უშიშროების მიმართულებით“, –აცხადებს ევროკავშირი და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, „გააგრძელოს თანამშრომლობა გლობალური, ღია, მყარი, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცის სასარგებლოდ, სადაც სრულად იქნება დაცული ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლებები და კანონის უზენაესობა“.

ოფიციალური თბილისის განცხადებით, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. თავდასხმა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესტონეთი, მონტენეგრო, ლიტვა, კანადა, ფინეთი, ისლანდია, ავსტრალია, უკრაინა და ახალი ზელანდია რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ–შეტევას გმობენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები