15-01-2025 13:12:37 სამართალი
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება, – იუწყება "მთავარი არხი".
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართა.
გიორგი ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოუხსნეს. შესაბამისად, მას გამოძიება ედავება მხოლოდ 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (პოლიციელზე თავდასხმა). დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის 15 მაისს დააკავეს. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.