16-01-2025 20:11:44 სამართალი
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული დავით გედენიძე სამართალდამრღვევად არ სცნო და მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
"არ ველოდი ნამდვილად. უბრალოდ, მოწმეების ჩვენება იმდენად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, რომ მოსამართლემ მიიღო მართლაც სამართლიანი გადაწყვეტილება, რასაც მოწმეები იძახდნენ. არ ველოდი ნამდვილად და ვარ ძალიან კმაყოფილი. მე როგორც გამამართლეს, ისე უნდა იყოს სხვების შემთხვევაშიც. ჩემი ძმა გუშინწინ დააკავეს, მასაც ძალიან უაზრო რამეს აბრალებენ, მაგრამ მოვა დრო, გამოვლენ. იმედი მაქვს, როგორც დღეს, ისე ხვალ მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ" , - განუცხადა დავით გედენიძემ "ტვ პირველს" მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ.
გედენიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია. იგი 4 დეკემბერს მარი ბროსეს ქუჩაზე დააკავეს. მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლში ჩხრეკის მიზნით შევიდნენ.
გედენიძესთან ერთად დააკავეს კიდევ 4 პირი – ვახტანგ გაგნიძე, ირაკლი არდია, საბა ბირკაია და მიშიკო ჯანიკაშვლი.
3 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ერთს – ჯარიმა.