
აფხაზ ოპოზიციონერს სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს
18/01/2025 18:44:25 კონფლიქტები
აფხაზ ოპოზიციონერს, საზოგადოებრივი მოძრაობა "აიდგილარას" ლიდერ კან ქვარჩიას სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს, - იუწყება ადგილობრივი მედია.
ქვარჩიასთვის "სტრატეგიული პარტნიორი" ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ცნობებს დე-ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამ-არხები ჯერ კიდევ 1- იანვარს ავრცელებდნენ, ამ დღეებში კი უკვე რუსეთის შსს-ს კრასნოდარის სამხარეო სამმართველომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვით, აფხაზეთის 50 წლის მკვიდრის მიმართ მიღებულია გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას. მისი ვინაობა განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, თუმცა 10 იანვარს გავრცელებული ცნობების გათვალისწინებით, აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ საუბარი სწორედ ოპოზიციონერ ქვარჩიაზეა.
კრასნოდარის სამხარეო სამმართველოს ინფორმაციაში მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად დასახელებულია "ქმედებები, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის". რა ქმედებებზეა საუბარი - ასევე არ კონკრეტდება.
რუსული სახელისუფლებო ტელეგრამ-არხი "Рыбарь" კი იუწყება, რომ კან ქვარჩია და კიდევ ერთი აფხაზი ოპოზიციონერი - ადგურ არძინბა "გასული წლის შემოდგომაზე აფხაზეთში სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები იყვნენ".
თავად ქვარჩიას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ცნობისთვის: ქვარჩია 15 თებერვლისთვის დანიშნულ დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას, თუმცა მოგვიანებით კანდიდატურა მოხსნა. 19 დეკემბერს კი იგი აფხაზურ "პარლამენტში" მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის დროს დაიჭრა: მაშინ "დეპუტატმა" ადგურ ხარაზიამ მისი კოლეგა ვახტანგ გოლანძიაც დაჭრა, ამ შემთხვევაში - სასიკვდილოდ.
შეგახსენებთ, რომ "არასაიმედო" პირთათვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი აწ უკვე ყოფილ დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას 2004 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან - დიმიტრი კოზაკთან აქვს განხილული. "არასაიმედო პირებში" იგულისხმებოდნენ ის აფხაზი "დეპუტატები", რომლებიც მოსკოვის მიერ ინიცირებულ "აპარტამენტების შესახებ" დრაკონულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდნენ. იმ შეხვედრის შესახებ სოცქსელში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ბჟანიას რუსული მხარისთვის 2024 წლის 20 სექტემბრამდე უნდა წარედგინა "არასაიმედო პირთა" სია, რომელთაც მოსკოვი ასე მოიხსენიებს: "რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთის ურთერთობებს საფრთხეს უქმნიან და აზიანებენ აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ინტერესებს". მოგვიანებით, სკანდალის აგორების შემდეგ ბჟანიამ ამ საკითხის კოზაკთან განხილვა დაადასტურა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ რუსული მხარის წინაშე სიის წარდგენის ვალდებულება არ აუღია.
სექტემბერში კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი "ურჩი" აფხაზი ოპოზიციონერების დაშინებას შეეცადა და განაცხადა, მათ შორის, რომ ოპოზიციონერი კან ქვარჩია შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის გარეშე დარჩენილიყო.
აღსანიშნავია ასევე, რომ გასულ წელს მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეობა სამ ოს "დეპუტატს" - დავით სანაკოევს, ძამბოლათ მედოევსა და გარი მულდაროვს ჩამოართვა. მათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა 2049 წლამდე ეკრძალებათ. მიზეზად დასახელდა "ქმედებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საზღვრის სიახლოვეს დაძაბულობის საფრთხეს ქმნის".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021