დვალიშვილმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა

19-01-2025 09:33:45 სხვა

MMA-ის 34 წლის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკულ ინგლვუდში გამართული ბრძოლის შედეგად რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, ამ უკანასკნელს კარიერაში პირველი მარცხი აწვნევინა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

"უმარი ძლიერი მებრძოლია. მან "ბებრუხანა" მიწოდა. დიახ, უკვე ასაკოვანი ვარ, მაგრამ ყოველდღიურად ვვარჯიშობ და მწამს, რომ დაუღალავი შრომისა და საკუთარი ძალების რწმენის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია" - განაცხადა ბრძოლის შემდეგ ჩემპიონმა.

ამასთან, მან ყველა გულშემატკივარს, განსაკუთრებით კი ქართველებს მადლობა გადაუხადა: "მადლობა ჩემს ფანებსა და ჩემს ქართველებს! მიყვარხართ, ჩემო ქართველებო! იცით, რომ არასოდეს ვჩერდები და სულ ვვარჯიშობ. როცა ამ ბრძოლამდე 6 კვირით ადრე უმართან შერკინებას დავთანხმდი, ტრავმა მქონდა - ფეხი მტკიოდა და ნაკერები დამადეს, მაგრამ ვიცოდი, რომ UFC-ს ვჭირდებოდი. მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ჩემთვის სულერთია, რადგან მწამს თქვენი სიყვარულისა და საკუთარი თავის" - განაცხადა დვალიშვილმა.

ცნობისთვის: დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა. ჯამში კი ქართველი მებრძოლის ანგარიშზე სადღეისოდ 19 გამარჯვება და 4 მარცხია. მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო.

რაც შეეხება ნურმაგომედოვს, ეს მისთვის MMA-ში პირველი მარცხია - აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას შემდეგ მეორე ქართველია, რომელმაც UFC-ის ქამარი დაიცვა.

აი, როგორ გამოეხმაჯურა მის გამარჯვებას სოცქსელში ილია თოფურია: "მერაბ, ჩემო ძმაო, რა გასაოცარი მებრძოლი ხარ. გვეამაყები. აი ეს ხდება მაშინ, როდესაც დაღესტნურს ქართული ჭიდაობა უპირისპირდება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები