20-01-2025 13:40:02 პოლიტიკა
დღეს ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე კომისია, რომელსაც ლევან იზორია უხელმძღვანელებს.
"სამთავრობო კომისიის მდივანი იქნება ლევან იზორია, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში", – განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე, ლევან იზორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. "აქცენტი" დაინტერესდა ამ ცვლილებით და საკითხში გარკვევის მიზნით „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
ლევან იზორია საქართველოს ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2020 წლის 20 თებერვალს დაინიშნა. საქართველოს კანონმდებლობით, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის არის 4 წელი, თუმცა მინისტრს შეუძლია ამ ვადის გახანგრძლივება. ელჩებს მთავრობის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
კითხვაზე, როდის გათავისუფლდა თანამდებობიდან ლევან იზორია, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურში „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებებზე მიგვითითეს, საიდანაც ირკვევა, რომ ლევან იზორია ელჩის თანამდებობიდან სექტემბერშია გათავისუფლებული, თუმცა ესეც დღეს გახდა ცნობილი.
შესაბამისი განკარგულება N1390 30 სექტემბრით თარიღდება, თუმცა მასში აღნიშნულია, რომ იზორია ელჩის თანამდებობიდან 26 სექტემბერს გათავისუფლდა.
ლევან იზორია 2012-2015წწ. იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას; იგი 2015-2016წწ. გახლდათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; იზორია 2016-2019წწ. დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე; ხოლო 2019-2020წწ. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის "პოსტს" იკავებდა. ლევან იზორიას მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის წოდება, ასევე სამართლის დოქტორის ხარისხი.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. მას შემდეგ, რაც მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 2024 წლის 14 მაისს მაინც მიიღო, 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავდა. ხოლო როდესაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დაეყენებინა ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი ეთქვა ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, გერმანიამ „ქართული ოცნების" მთავრობასთან დაგეგმილი 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
31 დეკემბერს კი გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 9 პირს, რომლებიც "პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციონერების მიმართ ძალადობაზე".
"მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა. მისი დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა", - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რითაც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი კრიზისის გამო და მოუწოდეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, შეცვალონ კურსი.
გარდა ამისა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების კრიტიკის სამიზნე არაერთხელ გახდა საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერს "ე.წ ელჩი უწოდა".
30 ნოემბერს "აქცენტს" გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პრეს–სპიკერმა განუცხადა, რომ "გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს".
"ჩვენ დაუშვებლად მივიჩნევთ საქართველოს პარლამენტის ან მთავრობის წარმომადგენლების ნებისმიერ ჩარევას ამ კუთხით", – დასძინა მან.
მისივე თქმით, გერმანიისთვის მიუღებელია "საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპულ პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელება":
"მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების მზარდ აგრესიულ რიტორიკას ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანია და ევროკავშირი არ მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპულ პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელებას".
როგორც მან აღნიშნა, რომ "ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები საფრთხეშია" და კიდევ ერთხელ მოუწოდა "ქართულ ოცნებას", "შეცვალოს არსებული კურსი".
"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, შეცვალოს არსებული კურსი. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობისა და თანამშრომლობის მასშტაბი და ინტენსივობა საფრთხეშია", – განუცხადა "აქცენტს" გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პრეს–სპიკერმა.
ამავე თემაზე: რატომ იქცა ამჯერად გერმანიის ელჩი "ქართული ოცნების" სამიზნედ?